Tuesday, January 28, 2014

ქართული ნაციონალური ცეკვის ჩამოყალიბების ისტორია

ზოგადად, ხელოვნებას ქართველი ხალხის ცხოვრებაში უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. განსაკუთრებით მუსიკას და ცეკვას.
საცეკვაო კულტურა გავრცელებული იყო ჯერ კიდევ უძველეს ქართულ ტომებს შორის. მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველოს არ აკლდა მტრის შემოსევები , თუმცა იგი მაინც ყოველთვის ინარჩუნებდა საკუთარ ენას, დამწერლობას, სარწმუნოებას და თვითმყოფად საცეკვაო კულტურას. ქართული ხალხური ცეკვებისთვის დამახასიათებელია ჯანრობრივი მრავალფეროვნება და ორიგინალურობა. ეს ტრადიცია შემდგომ ტრადიციად ქცეული გადაეცემოდა თაობიდან თაობას.ქართულ ხალხურ ცეკვებს მრავალი საუკუნის ისტორია აქვთ. ქართული ხალხური ცეკვების წინამორბედი იყო სამონადირეო ცეკვა, ეს ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება. სამონადირეო ცეკვა იყო მთვარის ღმერთის “შუშპას” საპატივცემულოდ შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალური ხასიათის მატარებლობას პირველ რიგში ხაზს უსვამს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოხახულება.ფიალაზე მონადირეთა ფერხულია გამოსახული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების - დალისადმია მიძღვნილი.სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: “ სამონადირეო ფერხული” , “ ლემჩილი”, “ბეთქილის ფერხული” და სხვა. დროთა განმავლობაში პირველი იყო “ხორუმი”.
ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვები ამაზე მიუთითებს ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილ ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა. ( ძვ.წ. VI ს.)
მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებასთან ერთად ყალიბდებოდა ახალი ადათ-წესები რომელიც ასახულია მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში: “მელია-ტელეფია”,“ფერხულ-ოსხეპუე”,“ორსართულიანი”, “ფერხული”,(“ზემყრელო”, “აბარბარე”, “მირმიქელა” და სხვა). აგრარული შინაარსის მასკარადი “ბერიკაობა”, “მფერხაობის დგე” და სხვა. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებულ შრომით პროცესებს ეძღვნება.

მასობრივ ცეკვებთან ერთად ყოველთვის არსებობდა წყვილთა ცეკვებიც. წყვილთა ცეკვის განვითარებისთვის ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა “სახიობა”, რომელიც წარმართების დღესასწაულებზე წამყვანი ელემენტი იყო.

წყარო 2: შემოქმედებითი ჟურნალი - “ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი იმედი”(გვ.3)

ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების სპორტული საწყისები

ქორეოგრაფიული ხელოვნების მკვლევართათვის და პრაქტიკული საქმიანობით გამორჩულ სპეციალისტთათვის, კარგადაა ცნობილი რომ ქართული ცეკვები მდიდარია სამხედრო-სპორტული ელემენტებით. თუ გადავხედავთ ჩვენს ცეკვებს მაგალითად ისეთებს როგორებიცაა: “ხორუმი”, “შეჯიბრი”, “მთიულური” და ა.შ არ გაგვიკვირდება რომ ამოვიცნოთ ქართველთა მებრძოლი სული, რომელიც გამოხატულია ამ ცეკვებში. ეს ფაქტი, უპირველეს ყოვლისა , მიუთითებს იმაზე რომ სპორტი და საცეკვაო ხელოვნება თავისი შინაგანი ბუნებით ერთმანეთთან ახლოს არიან. ყველა ცეკვაში არის აკრობატული ელემენტები და უძველეს დროში ცეკვა და სპორტი ერთმანეთისგან გაუმიჯნავი იყო, რადგან ყველა წვეულებაზე ყოველგვარი შეჯიბრი თეატრალიზებული იყო  და მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა, ასევე გაჯერებული იყო საცეკვაო პანტომიმის ელემენტებით და ეს მთლიანი სინთეზი დიდ ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებდა მაყურებელს.
ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ისტორიკოსებისჩნაწერებიდან ჩვენამდე მოაღწია ცნობებმა იმის თაობაზე, რომ ქართველური მოდგმის უძველესი ტომები, თურმე, საომარ მოქმედებებსაც კი საცეკვაო სანახაობით იწყებდნენ.ამგვარ მოქმედებას თავისი ახსნა ჰქონდა. იგი ერთი მხრი, ხელს უწყობდა სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა საბძოლო სულისკვეთების ამაღლებას, მეორე მხრივ, იგი მიზნად ისახავდა მტრის დაშინებას, მასზე ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენდა.რა თქმა უნდა ასეთი მოქმედებები წინასწარ მომზადებას საჭიროებდა, რაშიც იგულისხმება საცეკვაო ხელოვნებაში გავარჯიშება. ეს ყოველივე კი თავის მხრივ ამ დარგის წინსვლას და მასობრივ გავრცელებას უწყობდა ხელს.
ქართულ ცეკვათა უძველეს სპორტულ-საცეკვაო ხელოვნებაზე მოგვითხრობს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნილი ფიგურებიც, რომელთა ასაკი ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდიდან იწყება.ეს არის მოცეკვავეთა ბრინჯაოს ფიგურები, მათ შორის ხელიხელ ჩაკიდებული მამაკაცებისა, რომლებიც, აშკარად საფერხულო მოძრაობებს აკეთებდნენ.
აღნიშნული ტრადიციები გრძელდებოდა მომდევნო საუკუნეებშიც.ამ მხრივ უძვირფასეს მასალას გვაწვდის “ქართლის ცხოვრება”, სადაც თვალნათლივაა დახატული უძველესი ხალხური ჩვეულებები, მათ შორისაა “სახიობა” მისი თანამდევი ცეკვებით, სიმგერებით და სპორტული ნომრებით.”სახიობა” ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ყოფილა გავრცელებული. არმაზის კერპისთვის მსხვერპლშეწირვის შემდეგ იმართებოდა როკვა-სახიობები, რომელშიც უამრავი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ასე გაგრძელდა ქრისტიანობის ხანაშიც, თუმცა ახალი რელიგიის მიმდევრები გარკვეულ საფრთხეს ხედავდნენ ამაში, სწორედ ამიტომ დავით აღმაშენებელმა რუის-უბრნისის კრებაზე აკრძლა ჯარში მსგავსი სახის სახიობანი. რა თქმა უნდა ამას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა ჯარისთვის რადგანაც აიკრძალა, მაგრამ სახიობა და ზოგადად ცეკვა ხალხისთვის მთავარ გასართობს წარმოადგენდა და ფესვები ისე ღრმად ჰქონდა გადგმული, რომ მისი სრულიად მოსპობა შეუძლებელი იქნებოდა.
ცნობილია ისიც, რომ ამგვარი სანახაობები არც მეფის კარისთვის იყო უცხო.ეკლესიის ეზოშიც ხშირად იმართებოდა სახიობა, თუმცა მის მონაწილეებს სასულიერო პირები ხელს არ უშლიდნენ, რადგან ისინი ამაში ხედავდნენ არა მხოლოდ გასართობს, არამედ დიდ სპორტულ მომზადებას ხანგრძლივი ომებისათვის. ისინი თვლიდნენ, რომ ხელის შეშლა სამშობლოს, მამულს დიდად დააზარალებდა.
ჩვენამდე მორწეული სპორტული სანახაობებიდან, რომელთა უდიდესი ნაწილი შუა საუკუნეების კვალს ატარებს და რომელთა შინაარსშიც მდიდარი საცეკვაო ლექსიკა იკითხება, არის “ისინდი”, “ყაბახი”, “ცხენბურთი”, “მარულა”, “თარჩია”, “ხუნტრუცი”, “ჭიდაობა”, “ლელობურთი”, “ლახტის ცემა”, “კრივი”, “მუშაითობა” და სხვ. ეს სპორტული აქტივობები დღემდე შენარჩუნებულია ქართულ ცეკვებში, მხოლოდ დახვეწილი და მეტად თეატრალიზებული სახით.

ძველ ქორეოგრაფებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ მიეღოთ სასურველი შედეგი, რომ სცენაზე გამოეთანათ “ხორუმი”, “მარულა” და სხვა მსგავსი ცეკვები, რომლებიც სავსენი არიან სპორტის, აკრობატიკის, პანტონიმისა და საბრძოლო ელემენტებით. თუმცა დღესდღეობით შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქორეოგრაფებმა თავიანთი დაუღალავი შრომის შედეგი მიიღეს, რადგან ჩვენ გვაქვს დახვეწილი, თეატრალიზებული,გემოვნებიანი,ჩამოყალიბებული ეროვნული ცეკვები, რომლებშიც დიდი შინაარსი და საქართველოს თითოეული კუთხის ისტორია იკითხება.

წყარო: ყოველთვიური საზოგადოებრივ-შემოქმედებიტი ჟურნალი “კამერტონი” ( №3(3) მარტი 2008წ.გამომცემლობა “თბილისელები”, გვ.10-11, სტატიის ავტორია პროფესორი რეზო ჭანიშვილი)

ცეკვა, ზოგადი მიმოხილვა


ზოგადად, ცეკვა არის ტანის რიტმული მოძრაობა რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება. ცეკვა ხალხური კულტურისა და ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა. ცეკვას თავიდან რელიგიური, მაგიური, საქორწინო, ხოლო განვითარებული საზოგადოებისთვის სოციალური და მხატვრული დანიშნულება ჰქონდა. ქრისტიანობამდელ ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა რიტუალურ ცეკვებს.
ყველა ეროვნების ხალხს საკუთარი, მხოლოდ მათთვის დამახასიათბელი, მოძრაობები აქვთ შექმნილი ცეკვაში და სწორედ ამით არის განსხვავებული და განსაკუთრებული ყველა სახის ცეკვა. ისინი არა მხოლოდ სხვადასხვა მოძრაობებისა და ილეთბის კომბინაციაა, არამედ აღნიშნავენ და კარგად გადმოსცემენ ამა თუ იმ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, თვისებებს, გემოვნებას, ჩაცმულობას, ღირებულებებს და ა.შ
პროფესიული ცეკვა, რომელმაც განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, გახდა ევროპული კლასიკური ცეკვის, აგრეთვე აზიისა და აფრიკის ქვეყნების საცეკვაო სისტემების საფუძველი. კლასიკური ტრადიცია მე-15 საუკუნით თარიღდება (იტალია), ცეკვების პირველი დაბეჭდილი ტესტები – მე-16 საუკუნით (საფრანგეთი). პირველი საცეკვაო სკოლა პარიზში გაიხსნა მე-17 საუკუნეში. თანამედროვე ცეკვები მე-20 საუკუნის პირმშოა.
ცეკვის ხელოვნებას უწოდებენ ქორეოგრაფიას. რომელიც ბერძნული სიტყვაა და  chorea ცეკვას ნიშნავს. მისი პირვანდელი მნიშვნელობა იყო ჩანაწერი ცეკვის შესახებ,  შემდეგ –— ცეკვის, ბალეტის შექმნის ხელოვნება, ხოლო XIX საუკუნის ბოლოდან თანამედროვე მნიშვნელობით იხმარება. ქორეოგრაფიის, ცეკვის ხელოვნების შემსწავლელ მეცნიერებას ქორეოლოგიას უწოდებენ.


 წყარო: